ანოტაცია
ჟამიანობა, შავი ჭირი, ქოლერა, როგორც სიკვდილის თანმხლები ტოპოსები თითქოსდა ტრანსფორმაციას უნდა განიცდიდეს ახალი დროის ლიტერატურაში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარებას, მედიცინის წინსვლას უნდა დაეძლია ათასწლეულების განმავლობაში დალექილი მისტიკური შიში, რომელიც როგორც პანდემიის „თანმდევი სული“ გასაოცარ სიცოცხლისუნარიანობას ავლენდა ამგვარ პირობებში. „ლხინი ჟამიანობის დროს“ – ა. პუშკინის ეს შედევრი უკვე თავადაა ქცეული მეტაფორად, ტროპად და ალბათ უფრო ოქსუმორონია, რომელიც ორი ურთიერთგამომრიცხავი ცნება-კონტექსტის – „ლხინისა“ და „ჭირიანობის“ თითქოსდა შეუთავსებელი ერთიანობით შეიქმნა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლხინი და ნადიმი არ გახლავთ მხოლოდ ტრაპეზის აღმნიშვნელი ცნებები და საშუალო საუკუნეების ლიტერატურაში მას უკვე ღრმად სიმბოლური დატვირთვა გააჩნია, რომლის ფესვებიც არა მხოლოდ პლატონის „ნადიმსა“ და ბიბლიურ „საიდუმლო სერობაშია“ საძიებელი, არამედ მთლიანად კულტურაში, როგორც ასეთში. ლხინი, ნადიმი ხომ რიტუალიზირებული გართობა და სიამოვნებაა,რომელიც ხელს უწყობს კავშირის და ერთიანობის შეგრძნების ჩამოქნას თანამეინახეთა შორის, საზოგადოების შეკვრას, აგრესიის მინავლებასა და ა.შ. ნადიმი სიცოცხლის ზეობაა სიკვდილზე, რომლის თანმდევი მოვლენებია სიხარული, სიამოვნება, თრობა, სიტყვიერი, კოდად ქცეული ფორმულების თანხლებით. მაგრამ... როგორ თავსდება ლხინი და ნადიმი სიკვდილთან? არის თუ არა ეს ორი მცნება შეუთავსებადი და ურთიერთგამომრიცხავი?! ნებისმიერი ომი ნადიმით მთავრდებოდა, ასე რომ სიკვდილის ტოპოსი ლიტერატურაში ხშირად უკავშირდებოდა ლხინს. ამიტომაცაა, რომ პუშკინის ამ ტექსტში ლხინს, ნადიმს ონტოლოგიური მეტაფორის ფუნქცია გააჩნია.