გამოქვეყნებული 2021-12-20
საკვანძო სიტყვები
- Edgar Allan Poe,
- Red Death,
- Cholera Epidemic,
- Theatrical Metaphors
ანოტაცია
ედგარ ალან პოს წითელი სიკვდილის ნიღაბი პირველად 1842 წელს გამოქვეყნდა „გრეჰემ მეგეზინში“, სახელწოდებით „The Mask of the Red Death“ (Mask – ნიღაბი), 1845 წელს კი გამოვიდა ნოველის გადამუშავებული ვერსია ოდნავ შეცვლილი სათაურით „The Masque of the Red Death“, რომელშიც სიტყვა Masque აღნიშნავს მასკარადს, ან თეატრალურ წარმოდგენას. მართლაც, სალიტერატურო კრიტიკის მიერ ეს ნოველა იმთავითვე „თეატრალურ“ მოთხრობად იყო სახელდებული, ვინაიდან ნარატივი (telling) ჩანაცვლებულია „ჩვენებით“ (showing), რაზეც მეტყველებს ტექსტის ცენტრალური ეპიზოდისთვის დეკორაციად შვიდი სხვადასხვა ფერის (ცისფერი, მეწამული, ბალახისფერი, ნარინჯისფერი, თეთრი, იისფერი, შავი) დარბაზისა და კოსტუმირებული მასკარადის შერჩევა, პირდაპირი ალუზიები შექსპირის „ქარიშხალსა“* და ჰიუგოს „ერნანთან“** და ნარატივის ფოკუსირება არა მთავარ პერსონაჟზე, რომელიც „სცენაზე“ ნოველის ფინალში გამოჩნდება, არამედ მოქმედების ადგილზე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თხრობა ხდება მესამე პირში ამბის უშუალო თვითმხილველის მიერ, თუმცა თავად ნარატორი არ მოიაზრება უფლისწულ პროსპეროს სტუმართა შორის – ირგვლივ გამეფებული „სიბნელისა და ხრწნილების“ ფონზე ისაა ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი, რათა ბოლომდე შეასრულოს თავისი მისია და მოთხრობაში საბოლოო წერტილი დასვას.