ანოტაცია
კაცობრიობამ თავისი არსებობის განმავლობაში არაერთი პანდემია თუ ეპიდემია გადაიტანა. სხვადასხვა მომაკვდინებელ სენთან ბრძოლა ოდითგანვე იყო ადამიანთა პრობლემა. ერთ-ერთი ინფექციური დაავადების, ქოლერის, შესახებ ჰიპოკრატე ჯერ კი დიდად არ შემონახულა. პანდემიები დიდ ტერიტორიებს მოიცავდა, მილიონობით ადამიანთა სიცოცხლეს ანადგურებდა, სავაჭრო თუ პოლიტიკურ კავშირებზე ზემოქმედებდა და ბუნებრივია, სამეცნიერო ცოდნის განვითარებას უწყობდა ხელს. ცნობილია, რომ 1816-1818 წლების ქოლერის პანდემია ინდოეთიდან მოედო ჩინეთს, თურქეთს, იმიერკავკასიას, ევროპის ნაწილს და, საბოლოოდ, მოსახლეობის ნახევარი იმსხვერპლა. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიას ქოლერის ხუთმა პანდემიამ გადაუარა. ყველაზე მასშტაბურმა მეხუთე პანდემიამ, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო, რუსეთის სამოცდაათი გუბერნია მოიცვა. განსაცდელს ვერც საქართველო გადაურჩა, თუმცა, საბედნიეროდ, ამ დაავადებამ ჩვენს ქვეყანაში მალევე გადაიარა. ამის შესახებ „ივერია“ წერდა, რომ ბევრად უფრო მდიდარი ბაქოსაგან განსხვავებით, თბილისი მომზადებული დახვდა პანდემიას: „თბილისის თვითმმართველობამ დაინახა, რომ ხოლერა სრულებითაც არ ხუმრობსო და საშინელის მრისხანებით უპირებს განადგურებას მთელს კაცობრიობასო, რაც კი რამ მოეძებნებოდა ყველაფერს მოუყარა ქალაქმა თავი-თავს და იარაღად აქცია, რამდენიმე ათასი თუმანი ფული დასდო მცხოვრებთა დასახსნელად. დაიქირავა თითქმის ოცამდე ექიმი და დაავალა, რომ საცა კი ხოლერამ იჩინოს თავი, გაქანდით, მუქთად უშველეთ გაჭირვებულს და ხოლერიანი ადგილები ისე გაასუფთავეთ, რომ იქ ბაცილებს აღარ შეეძლოთ გაძლებაო. რაც კი საეჭვო საცმელები ჰნახოთ, ქვეშსაგები, ყველაფერი გადაწვით და გადაბუგეთ – მე ვზღვავ ერთი-ორადაო. ამისთანა თადარიგის დაჭერამ თქვენცა ჰხედამთ რაცა ჰქნა“ („ივერია“ 1892).