კლასიკური „პანდემიური“ ტექსტების რეფლექსირება თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში
ანოტაცია
პანდემიით გამოწვეულმა ესქატოლოგიურმა განწყობილებებმა სრულიად ბუნებრივად გააღვივა ინტრესი ტანატოლოგიური თემატიკისადმი. კოლექტიურ ცნობიერებაში ეს ინტერესი ზერელეა და, ძირითადად, სიკვდილიანობის სტატისტიკაზეა ფოკუსირებული. ინდივიდის ცნობიერებიდან კი ფიქრი სიკვდილის არსზე და რაობაზე, ეთიკურ და ესთეტიკურ ასპექტებზე, როგორც წესი, სიკვდილის შიშით განიდევნება. ამიტომაც, ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი ინტერესით უყურებს ტელევიზიით ტირაჟირებულ ტრაგიკულ სცენებს, პანიკურად გაურბის საკუთარ აღსასრულზე ფიქრს.