ანოტაცია
ჩვენი განხილვის საგანია დემნა შენგელაიას მოდერნისტული რომანი „სანავარდო“, რომლის ყველა პერსონაჟი დაავადებულია სხვადასხვა სენით. ნაწარმოების მთავარი გმირი ბონდო თავის წინაპრებს ტიგროსის ნაპირებს უკავშირებს, სადაც მითის მიხედვით, დარჩა იშთარი, ტანჯვისთვის განწირული, ხოლო სანავარდო ნაწარმოებში უკავშირდება კაბადოკიის ნაპირს, სადაც ასევე გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა დაავადებები. მწერალი მითს, ისტორიასა და რომანის სიუჟეტს ერთმანეთში აქსოვს და ამით არაჩვეულებრივ მხატვრულ სივრცეს ქმნის; ნაწარმოების მრავალშრიანი სტრუქტურის ერთ-ერთი გამაერთიანებელი რგოლია დოდო ბაყაყის ზღაპარი. ამ კონკრეტული ზღაპრის ტექსტი თავისი სრტუქტურით ძალიან ახლოს დგას მითთან, რომელიც კეთილად არ სრულდება; ყველა პერსონაჟი სამუდამო ტანჯვისთვისაა განწირული. დოდო ბაყაყი დასტირის თავის სატრფოს მწვანე ცრემლებით, რითაც მუდმივად შხამავს არემარეს. მწვანე ფერი მუდმივ განახლებაზე, ხოლო ცრემლი მუდმივ დარდზე უნდა მიგვანიშნებდეს. აქედან გამომდინარე, სანავარდოს მცხოვრებლებსაც აღარ შერჩენიათ კარგი თვისებები, ყველა გაბოროტებულია და არემარეს შხამავს. ამ მხარეს არც დოდო ბაყაყის მოსპობა გამოასწორებს, რადგან მის საქმეს შხამიანი კოღოები გააგრძელებენ. მწერალი იმდენად საშინელ ყოფას ასახავს, რომ მკითხველს არ წარმოუდგენია, მსგავსი რამ თუ შეიძლება დედამიწაზე მოხდეს. იქმნება მითი ადგილზე, ბოროტების სადგურზე, სადაც არ არსებობს იმედი, არავინ არის ბედნიერების ღირსი, სადაც ყველა ავადმყოფობს: ზოგს ციებ-ცხელება აქვს, ზოგს ჭლექი და ზოგსაც – ბატონები; ხოლო ის, ვინც ფიზიკურად ჯანმრთელია, სადარდელითაა შეპყრობილი. ამ სივრცეში ყველა სასიკვდილოდაა განწირული.