ანოტაცია
მსოფლიო ბევრჯერ შეაშფოთა და დააზარალა სხვადასხვა წარმოშობის პანდემიამ. მოგეხსენებათ, დღესაც ანალოგიური სიტუაციაა და მის შესახებ წარმოებული ნებისმიერი სამეცნიერო კვლევა დროების რელევანტურია. საუკუნის წინ, საქართველოში მძვინვარე ქოლერამ კლასიკოსთა შემოქმედებასაც დაატყო კვალი. მოცემულ მოხსენებაში მსურს ვისაუბრო ვაჟა ფშაველას ლიტერატურულ პრიზმაზე, პანდემიის კუთხით: ერთი მათგანია მხატვრული ნაწარმოები „ხოლერამ მიშველა (ბერუას ნაამბობი)“, ხოლო მეორე – პუბლიცისტური წერილი „ფიქრები (ხოლერის გამო)“. ხსენებული ლიტერატურული ტექსტების საკვლევ მეთოდად შევარჩიე ჰერმენევტიკა, (როგორც ტექსტის გაგებისა და ინტერპრეტაციის საშუალება), ანალიზი (რომელიც მოიცავს ტექსტებში წამოჭრილი პრობლემების ანალიზს) და შედარებითი მეთოდი (ავტორისავე ტექსტებთან და მსოფლიო ლიტერატურულ კლასიკასთან შედარების მიზნით).