რეზო ჭეიშვილის „კუდიანი ვარსკვლავი (პოლიტიკური დეკამერონი)“: ჟანრული, იდეურ-თემატური და მხატვრული ასპექტები
ანოტაცია
თანამედროვე ქართული პროზის შესანიშნავი ოსტატის, რეზო ჭეიშვილის რომანი „კუდიანი ვარსკვლავი (პოლიტიკური დეკამერონი)“ 1991-1999 წლებში იწერებოდა და გასული საუკუნის მიწურულს დაიბეჭდა წიგნში, რომელშიც ავტორის ზოგიერთი სხვა ნაწარმოებიც შევიდა. თუმცა მანამდე, ჯერ კიდევ 1992 წლის ბოლოს, ჟურნალ„ცისკარში“, ყოველგვარი ქვესათაურისა თუ ჟანრული მინიშნების გარეშე, გამოქვეყნდა ამ ნაწარმოების თავდაპირველი, გაცილებით მოკლე ვარიანტი. როგორც 1992 წლის, ისე 1999 წლის ვერსიებში ავტორი თავადვე სიტყვასიტყვით აცხადებს, რომ სურდა დაეწერა „პოლიტიკური დეკამერონი“, მაგრამ, იმავდროულად, თურმე იმასაც ფიქრობდა, „პოლიტიკური პორნოგრაფიის“ (როგორც „ცისკრისეულ“ ვარიანტში უწოდებს) დრო იქნებ ჯერ არ დამდგარაო (ჭეიშვილი 1992: 29). ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ეს შესანიშნავი ნაწარმოები მაინც დაიწერა და თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესის ერთ-ერთ გამორჩეულ შენაძენად იქცა.