ანოტაცია
პანდემიამ, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, რაც მსოფლიოში მძვინვარებს, კაცობრიობა დააფიქრა არა მხოლოდ გადარჩენის საშუალებებზე, არამედ ზოგადად ეგზისტენციალურ საკითხზე: სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემაზე და ადამიანის არსებობის საზრისზე. იმდენად გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომ კაცობრიობა შიშმა და პანიკამ მოიცვა. ადამიანის გონებამ, რომელსაც უჭირს სიკვდილის შესაძლებლობის დაჯერება და გარდაცვალების გაცნობიერება, გააკეთა დაშვება, რომ პანდემიას შეიძლება ვერ გადაურჩეს, განურჩევლად ასაკისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ეკონომიკური შეძლებისა და საზოგადოებრივი სტატუსისა; რომ ადამიანი ტრადიციულად დამკვიდრებული რიგითობის საპირისპიროდ ამ ქვეყნიდან „უდროოდ წასვლის“ საფრთხის წინაშე დგას; ის მიუახლოვდა სიკვდილს, რომელსაც მანამდე შორეულ პერსპექტივაში მოიაზრებდა; მიუახლოვდა და კიდევ ერთხელ გაიაზრა მისი რაობა. გააზრება მოხდა პერსონალურად, ზოგისთვის – რელიგიათან მიმართებაში, ზოგისთვის – ფილოსოფიურ სწავლებებზე დაყრდნობით, ზოგისთვის კი – ლიტერატურის დახმარებით.