ლიტერატურა და პანდემია, ისტორიული გამოცდილება: ლიტერატურული შედევრების შექმნის პირობები და მიზნები პანდემიის დროს
ანოტაცია
პანდემიის თემა სადღეისოდ ყველაზე აქტუალურია. ის გვახსენებს, რომ წარსულში გადატანილი პანდემიურ-ეპიდემიური მოვლენები არასდროს გამხდარა სერიოზული მსჯელობის საგანი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უახლოეს წარსულში ასე ცხადად არ გვიგრძნია მისი ტრაგიკული შედეგები. პოლიტიკური თუ კულტურული მოვლენების ანალიზის დროს კი არასოდეს დასმულა (ან ჩვენთვის მიუწვდომელია ინფორმაცია ამის შესახებ) საკითხი ამ პროცესებზე ეპიდემიების გავლენის შესახებ.
ამ მხრივ, ჩვენი დღევანდელი გამოცდილება კორონავირუსის სამი თუ ოთხი მძიმე ტალღის გადატანის ფსიქოლოგიურ სიმძიმეს და ერთგვარ პოზიტიურ მოლოდინსაც იტევს. ის გვაფიქრებინებს, რომ ამ არაპოლიტიკურ და არალიტერატურულ თემას შესაძლოა, იმაზე მეტი გავლენა ჰქონდეს ჩვენს ისტორიულ წარსულზე, ჩვენს ლიტერატურულ ცნობიერებაზე (მათ შორის რომანტიკულ თუ რეალისტურ განწყობაზე), ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივ თუნდაც ზედაპირული ექსკურსი წარსულში მდიდარ მასალას შეგვძენს ლიტერატურის და პანდემიის თანაცხოვრებისა და ურთიერთგავლენის შესახებ