შიგნით დამალული ადამიანის გაღვიძება“: ეპიდემიის რეპრეზენტაცია დავით კლდიაშვილის „მიქელას“ მიხედვით (სივრცისა და სოციალურ ურთიერთობათა ვიზუალიზება)
ანოტაცია
ქართულ ლიტერატურაში განსახოვნებული მრავალფეროვანი თემატიკიდან ერთ-ერთი უძველესია ფიზიკური ავადმყოფობა. აღნიშნულ საკითხს ჯერ კიდევ მე-5 საუკუნის „შუშანიკის წამებაში“ ექცევა დიდი ყურადღება (ეპოქის მსოფლმხედველობრივი საფუძვლების შესაბამისად, მოწამის დასნეულება იმთავითვე გულისხმობს მის სულიერად გაძლიერებას). დასახელებული საკითხისადმი ინტერესი არ კლებულობს მომდევნო ხანების მხატვრულ ნარატივებშიც (შდრ. დავით გურამიშვილის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, შიო არაგვისპირელის, კონსტანტინე გამსახურდიას, ტიციან ტაბიძის, ლადო ასათიანის, გურამ გეგეშიძის, ბესიკ ხარანაულისა და სხვათა ნაწარმოებები). მათ შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს დავით კლდიაშვილის მოთხრობა „მიქელას“ (1904 წ.), რომელიც მწერლის შემოქმედების პირველ ეტაპზეა შექმნილი და წარმოადგენს მე-19 საუკუნის 90 იან წლებში დაწყებული მოთხრობათა ციკლის დასასრულს: „მიქელა“ აგრძელებს და კრავს „შერისხვასა“ (1893 წ.) და „მსხვერპლში“ (1894 წ.) თემატიზებულ საკითხებს: დეინდივიდუალიზებულ და დეჰუმანიზებულ ურთიერთობებს, მატერიალური და სულიერი სიღარიბის საშინელებას, მოულოდნელი/უარყოფითი მოვლენის მიმართ არარაციონალური დამოკიდებულების პრობლემურობას. დასახელებულის გარდა, „მიქელა“ საყურადღებო ნაწარმოებია ეპიდემიის რეპრეზენტაციის, სნეულებით განპირობებული სივრცის ორგანიზების პრაქტიკისა და სოციალურ ურთიერთობათა მოდელის განსახოვნების თვალსაზრისით.