ტომ. 15 (2021): XV საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები : ლიტერატურა და პანდემია. ისტორიული და თემატური გამოცდილება
პანდემია - ტექსტის თემა

ჟამიანობის მხატვრული ნარატივის სხვადასხვაგვარი ვარიაციები: ალბერ კამიუს „შავი ჭირი“, გაბრიელ გარსია მარკესის „სიყვარული ჟამიანობის დროს“ და ჯაბა ზარქუას „ვაჟა-ფშაველას I ჩიხი“

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Pandemic,
  • Literature,
  • Metamorphosis

ანოტაცია

 

ინფექციურ-ვირუსილი დაავადებები წარმოადგენენ იმ მრავალ გამოწვევათა ნაწილს, რომელთანაც ადამიანს ბრძოლა უწევდა და უწევს დღესაც. მათი გავრცელების არეალი ზოგჯერ ისე იზრდება, რომ ფარავს მთლიან კონტინენტებსაც კი. ეპიდემია და მისგან გამოწვეული კატასტროფები არაერთ მწერალს უქცევია თავისი ნარატივის ძირითად თემად. საყურადღებოა ის ფაქტი, თუ რა მიზანი ამოძრავებდათ, ზოგჯერ თუ ყოველივე ეს იყო მათთვის რეალობის რეფლექსია, ყოფილა ისეც, რომ უბრალოდ მწერლის შინაგანი მსოფლგანცდის ნაწილი გამხდარა. ჩვენს მიერ შერჩეული საკვლევი ტექსტები, ალბერ კამიუს „შავი ჭირი“, გაბრიელ გარსია მარკესის „სიყვარული ჟამიანობის დროს“ და ჯაბა ზარქუას „ვაჟა-ფშაველას I ჩიხი“, დაფუძნებულია ეპიდემიის თემაზე, თუმცა სრულიად სხვადასხვა რაკურსით წარმოგვისახავს მას. სამივე რომანი საკმაოდ რთული და მრავალშრიანია, ამიტომ მათი შედარებითი ანალიზისთვის გამოვყავით საკვლევი კითხვები. თავდაპირველად შევეცდებით პასუხი გავცეთ იმას, თუ რატომ ირჩევს მწერალი მხატვრული ტექსტის თემად ეპიდემიას და რა სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებს. რეალურ ცხოვრებაშიც ეპიდემიას ძალიან დიდი გავლენა აქვს, ის მნიშვნელოვნად ცვლის დღის წესრიგს, სამოქმედო სივრცეს. თითქმის ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანთა ფსიქოლოგიაზე. ცვლის მათ მსოფლმხედველობას და იწყება ღირებულებების გადაფასება. ამიტომ მეორე ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, თუ როგორ იცვლება ეპიდემიის აღწერის დროს მხატვრული ტექსტის ქრონოტოპი. რა წნეხის ქვეშ ექცევიან ადამიანები და რა სახის მეტამორფოზას განიცდიან.